დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, აზერბაიჯანში არსებულ სავალუტო კრიზისს საქართველოზე მხოლოდ მინიმალური გავლენა ექნება

ჩვენს ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. ქუმსიშვილი აზერბაიჯანში არსებულ სავალუტო კრიზისს გამოეხმაურა და ისაუბრა იმაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოზე.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა აზერბაიჯანში მიმდინარეობს. ჩვენ ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია", - განაცხადა ქუმისშვილმა. მინისტრი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანში არსებული პროცესები საქართველოზე მინიმალურ გავლენას მოახდენს. "რაც შეეხება აზერბაიჯანიდან სიტუაციის ჩვენს ქვეყანაზე გადმოცემას, სავარაუდოდ მოხდება, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს გადმოცემა მინიმალური იქნება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.