ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთის გადატანაზე შეღავათიან ტარიფებზე პროტოკოლს ხელი მოეწერა

საქართველომ, ყაზახეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთის გადატანაზე შეღავათიანი ტარიფების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ვებგვერზე ვრცელდება. დოკუმენტს ბაქოში, 14 იანვარს ხელი მოაწერეს საქართველოს, ყაზახეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის რკინიგზის სამსახურების დირექტორებმა. ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით აღნიშნული ოთხი ქვეყანა ტვირთის ტრანსპორტირებას რუსეთის გვერდის ავლით განახორციელებენ.

რამდენიმე დღის წინ "ბიბისიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პირველ სატესტო მატარებელს დღეს გაუშვებენ. სატვირთო მატარებელი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყახაზეთზე გადის. როგორც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის.