ირანს საერთაშორისო სანქციები, შესაძლოა, დღეს მოუხსნან

ირანს საერთაშორისო სანქციები შესაძლოა, დღეს მოუხსნან. როგორც "ბიბისი" წერს, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ვენაში გაემგზავრება, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდება. როგორც მოსალოდნელია, სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთდება განცხადება ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების შესახებ. ვენაში ასევე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო წარადგენს ანგარიშს, თუ რამდენად პირნათლად შეასრულა ირანმა აღებული ვალდებულებები ბირთვული პროგრამის შესახებ.

ირანსა და დასავლეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, სამომავლოდ ისლამურმა რესპუბლიკამ მხოლოდ ე.წ. მშვიდობიანი ატომი უნდა განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ ირანს სანქციებს მოუხსნიან, მას დაუბრუნდება დასავლეთში გაყინული აქტივები, რომლის ოდენობაც 50 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, ირანი შეძლებს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დღეში 500 000 ბარელით.