ევროპას სასაზღვრო კონტროლის დაწესება ძვირი დაუჯდება

ევროპას დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება, შესაძლოა, 3 მილიარდი ევრო დაუჯდეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. მისი თქმით, თუ დროებითი სასაზღვრო კონტროლი დიდხანს გაგრძელდა, ეს სერიოზულ დანახარჯს გამოიწვევს.

სასაზღვრო კონტროლი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მას შემდეგ დააწესა, რაც ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ორი ქვეყანა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დანია და შვედეთი არიან. მანამდე ნორვეგიამ განაცხადა, რომ ლტოლვილებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებიდან ჩავლენ, ვიზის გარეშე არ შეუშვებენ. ანალიტიკოსების მოსაზრებით, მსგავსმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, შენგენის ზონას საფრთხე შეუქმნას, ვინაიდან ამით ირღვევა შენგენის მთავარი პრინციპი - თავისუფლად გადაადგილება.