"ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ჯეოტრანსგაზის" "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ჯეოტრანსგაზის" მიერ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელსაც თურმე 2015 წლიდან მოყოლებული, რუსეთიდან, კერძოდ "გაზპრომიდან" გაზი უკვე შემოაქვს.

"გრძელდება "გაზპრომის" გარშემო ატეხილი ამბავი. ეს ისტორია, რომელიც მიმდინარეობს მოსახლეობისგან აბსოლუტურად ფარულად. მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა უნდა, რატომ ითხოვს რუსეთისგან გაზის შემოტანას. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიცია, თუ რატომ არის აუცილებელი რუსეთისგან გაზის შემოტანა, დაწყებული იქიდან, რომ აზერბაიჯანული გაზი ძვირია, რაც სინამდვილეში ტყუილია, დასრულებული იმით, რომ ტექნიკურად არ აქვს თურმე აზერბაიჯანს საქართველოსთვის დამატებითი გაზის მოწოდების საშუალება, რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია აბსოლუტურად შემთხვევით ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელმაც თვითონ გააკეთა განცხადება და თავი წარმოაჩინა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს კომპანია აშკარად იმალებოდა და საზოგადოებამ არ იცოდა, ამ კომპანიის არსებობის შესახებ - ეს არის "ჯეოტრანსგაზი", რომელსაც თურმე 2015 წლიდან მოყოლებული, ანუ რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთიდან, კერძოდ "გაზპრომიდან" უკვე შემოაქვს გაზი", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ჩნდება ეჭვები, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისთვის, რომ "ერთად ძალიან დიდი ფული იშოვონ".

"ისინი იმალებოდნენ, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ თითონ გააკეთონ განცხადება და გამოჩნდნენ, რაც, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, აჩენს დამატებით ეჭვებს, რომ მთავრობა არის სწორედ ამ კომპანიასთან შეკრული იმისთვის, რომ ერთად იშოვონ ძალიან დიდი ფული. დამატებითი გაზის შემოტანა ძალიან დიდი ალბათობით ისევ ამ კომპანიის მეშვეობით უნდა "ოცნების" ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც როგორც თვითონ "ჯეოტრანსგაზის" ხელმძღვანელობის განცხადებით 2015 წელს დაიდო, რა ხელშეკრულებაა, რომელი თვიდან მოქმედებს, რა ფასად ყუდულობენ "გაზპრომისგან" გაზს, რა ფასად ყიდიან. შემდეგ სახელმწიფომ რა პირობებით დაუთმო მაგისტრალური გაზსადენი ამ კომპანიას და ა.შ.", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კომპანიის დამფუძნებელია ვინმე ოთარ იაშვილი, სხვა ინფორმაცია "ჯეოტრანსგაზის" გარშემო არ იძებნება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ამ დიდი აბსურდული კვანძის რაღაც პატარა ნაწილის გახსნა, როდესაც ამ კომპანიამ თავი გამოყო და თითონ გამოვიდა სააშკარაოზე. რა თქმა უნდა, კვანძი გაცილებით დიდია, ამიტომ ის არგუმენტი ამ კომპანიის მხრიდან, რომ ხელშეკრულება შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და ამას არ გაასაჯაროვებენ, არ იქნება გამართლებული, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შპს "ჯეოტრანსგაზი" ბოლო დღეების განმავლობაში რუსულ კომპანია ,,გაზპრომსა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს განცხადებით ეხმაურება.

"ბოლო დღეებში "გაზპრომთან" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებებმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენი და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით. მოგახსენებთ, რომ შპს "ჯეოტრანსგაზს" გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს "გაზპრომექსპორტთან" და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის. გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას: ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა - თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი", - ნათქვამია "ჯეოტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.