აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმა მუშაობა დაიწყო

"საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს"

პეკინში, მსოფლიოს 57 ქვეყნის წარმომადგენელმა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის მუშაობას ოფიციალურად მისცეს დასაბამი. 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებმა ერთდროულად დააჭირეს ხელი ღილაკს, რითც სიმბოლურად გახსნეს ბანკი.

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლიცუნ ძი ოფიციალურად დაინიშნა ბანკის პრეზიდენტად.

ჩინეთი 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს სოციალური ფონდისთვის, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის მონაწილე შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა. წინასწარ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 29 ივნისს პეკინში. საქართველო არის 45- ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ ბანკს და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ბანკის წინასწარი ხელშეკრულების რატიფიცირება. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსურ რესურსების მოძიებაში.

"საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს",- განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ გასულ წელს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.