BMW-მ ლიდერობა შეინარჩუნა

Mercedes-მა კი Audi-ს აჯობა

მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპნიებმა 2015 წელი შეაჯამეს. გაირკვა, რომ გასულ წელს ამ სეგმენტში დიდი ძვრები მოხდა.

”მერსედესმა”, რომელმაც 2005 წელს ლიდერობა ბმვ-ს დაუთმო და 2011 წელს ”საპატიო” მეორე ადგილიც ზედ მიაყოლა, როგორც იქნა, ძველი პოზიცია დაიბრუნა და კვლავ მეორეა.

კომპანიის ბოლო წლების სწორმა მარკეტინგმა „მერსედესის“გაყიდვების 13,4%-მდე ზრდა უზრუნველყო, რამაც საშუალება მისცა ”სამქიმიანებს”, უკან ჩამოეტოვებინათ კონკურენტები ”აუდიდან”.

Mercedes-ის გაყიდვებმა 2015 წელს 1,871,511 შეადგინა, ხოლო Audi-ს გაყიდვები ამავე პერიოდში მხოლოდ 3,6%-ით გაიზარდა და 1,803,250-ს გაუტოლდა.

მიუხედავად წარმატებისა, Mercedes ჯერ ისევ ჩამორჩება მის უშუალო კონკურენტს BMW-ს, თუმცა ამ მიმართულებითაც აღწევს წარმატებებს. თუ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ”ბავარიელებთან” 220 ათასს აგებდა, 2015 წელს ეს ციფრი დიდი არ იყო და შესაბამისად, კომპანიას ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა უახლოეს წლებში შეუძლია.

BMW-მ გასულ წელს 1,905,234 ავტომობილი გაყიდა.

შენიშვნა: ციფრები არ შეიცავს BMW-ს კუთვნილ Mini-ს გაყიდვებს, და Mercedes-ის კუთვნილი Smart-ისა და კომერციული დანიშნულების(Sprinter, V-class, vito/viano, citan და სხვ) ავტომობილების გაყიდვებს. ვინაიდან არც ერთი მათგანი პრემიუმ სეგმენტში არ ითვლება.

კოკა კვირკველია