კომუნიკაციების ომბუდსმენი: "მაგთიკომთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტულია"

კომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა სტეფნაძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ "მაგთიკომთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანსა და პრეცედენტულს უწოდებს. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. ამას კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ავალდებულებს.

როგორც თამთა სტეფნაძემ განმარტა, სამწუხაროდ გვხვდება ფაქტები, როდესაც კომპანიების მხრიდან არ ხდება აბონენტების ინფორმირება მომსახურების პირობების შეცვლის შესახებ და მათ გაუფრთხილებლად, დიდი ოდენობით თანხებს არიცხავენ.

კომუნიკაციების ომბუდსმენის შეფასებით, თითოეული კომპანიის მხრიდან მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირება მნიშვნელოვანია.

"საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესებიდან გამომდინარე, კომისიის მხრიდან ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანი იყო. ხშირად გვხვდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ინტერნეტმომსახურებით სარგებლობისთვის კომპანიების მხრიდან დიდი ოდენობით საფასურის დარიცხვა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადეობრივი დამცველის მხრიდანაც ყურადღება გამახვილებულ იქნა არა მხოლოდ ერთი მომხმარებლის ინტერესზე, არამედ ზოგადად, გლობალურად შეგვეხედა ამ პრომლებისთვის და მოგვეძებნა გზა, როგორ შეიძლებოდა აღნიშნული საკითხი გადაგვეჭრა, ვინაიდან საკანონმდებლო დონეზე გარკვეული სახის ხარვეზები არსებობს", - განაცხადა სტეფნაძემ.

კომუნიკაციების ომბუდსმენის თქმით, დღეს მოქმედი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის" რეგლამენტი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და კომისიაში ამ მიზნით სამუშაო ჯგუფიც არის შემქნილი.

"ამ კონკრეტულ საქმეში მნიშვნელოვანია კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც მიიჩნია, რომ თითოეული კომპანიის მხრიდან მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირება მნიშვნელოვანია. მომხმარებელმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა მოსალოდნელი ცვლილებები ელის სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით. კონკრეტული პაკეტით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდგომ და რა პირობებით გაუწევენ მას მომსახურებას", - განაცხადა სტეფნაძემ.

როგორც აღმოჩნდა, შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება აქამდე ავტომატურად და თან განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. კერძოდ, თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,05 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით – 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.

უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში – აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი - 438,849 ლარს შეადგენს. ინფორმაციისთვის, არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.

აღსანიშნავია, რომ "მაგთიკომის" საქმეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება შპს "კვირის პალიტრის" საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლის დირექტორი დავით გიგუაშვილიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომლებსაც ინტერნეტ-მომსახურებაზე დავალიანება დაერიცხათ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომი" "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის დამრღვევად ცნო და მას შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ლიმიტის ამოწურვისა და მომხმარებლებისთვის მისი განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, აბონენტების წინასწარ ინფორმირება დაავალა, "კვირის პალიტრის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა. "გაუწეველ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის ფაქტის დაუდასტურებლობის" მიზეზით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დავით გიგუაშვილს "მაგთიკომის" მიერ დარიცხული სადავო დავალიანების - 1813 ლარის ჩამოწერაზე უარი უთხრა.

ნათია რუხაძე