დავით ნარმანია მერსი ტემბონს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, მერსი ტემბონს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველა ის საკითხი და პროექტი მიმოიხილეს, რომელთა განხორციელებაში მსოფლიო ბანკია ჩართული, კერძოდ, იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგია, ასევე, ისაუბრეს ურბანული განვითარებისა და ქალაქის ტურისტულ ნაწილში სარეაბილიტაციო აღდგენითი პროექტების მხარდაჭერის საკითხებზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრა, როგორც მიმდინარე პროექტების განხილვის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების გამოკვეთის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკი განიხილავს მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხო მართვის სტრატეგიას და შესაბამისად, ჩვენს წინადადებებს, რათა დაგვეხმარონ, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე, დაფინანსების თვალსაზრისით. ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება მათი მხარდაჭერა და ამ თემაზეც ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მიმოვიხილეთ მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას სარა მაიკლი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დეპარტამენტში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი დაესწრნენ.

"ჩვენ გავაგრძელებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, დავეხმარებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაში, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მობილიზებას გავუკეთებთ რესურსებს, რათა რეალურად ჩატარდეს კვლევა. საჭიროა, ჩვენმა გუნდმა შეხედოს, რა შეგვიძლია ჩვენი მხრივ გავაკეთოთ, შემდეგ გავმართოთ მომდევნო შეხვედრები და ვაცნობოთ მუნიციპალიტეტს, მათი მოთხოვნებიდან რისი დაკმაყოფილება შეგვიძლია. რაც შეეხება ცოდნის გაზიარებას, ჩვენ დავაკავშირებთ თბილისს ამ საკითხში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების მქონე ქალაქებთან. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ტურიზმიც", - განაცხადა მერსი ტემბონმა.