კომუნიკაციების კომისია - რადიო "თანამგზავრსა" და "სპუტნიკს" შორის კავშირი არ დგინდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რადიო "თანამგზავრსა" და "სპუტნიკს" შორის კავშირი არ დგინდება. ამის შესახებ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, თუ რა კავშირი აქვს, რადიო "თანამგზავრს" ამავე სახელწოდების რუსულ "სპუტნიკთან". კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ იურიდიულად არანაირი აფილირება ამ ორ კომპანიას შორის არ დგინდება.

"არანაირი კავშირი არ არის იურიდიულად. რადიო "თანამგზავრის" ოფიციალური, ანუ იურიდიული სახელწოდებაა შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ", რომელსაც წარმოდგენილი აქვს ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის ჩათვლით მფლობელების შესახებ ინფორმაცია და ამ ორ კომპანიას შორის აფილირება არ დგინდება", - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა კომპანია "სპუტნიკმა" წელიწადზე მეტია, ოკუპირებულ აფხაზეთში რადიომაუწყებლობა დაიწყო. რადიომაუწყებლობის დაწყების მცდელობა მას დანარჩენ საქართველოშიც ჰქონდა. შესაბამის შეთანხმებას კომპანიამ "რ რადიოსთან" მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, რაც "სპუტნიკის" მაუწყებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სპუტნიკის" მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, "რ რადიომ" "სპუტნიკის" გადაცემების განთავსებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააუქმა.

რაც შეეხება გოგა ხაინდრავას რადიო "თანამგზავრს" (იგივე შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ"), კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზია პროგრამული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მიიღო. არსებული ინფორმაციით, თბილისში, სამარშრუტო ტაქსებში მხოლოდ აღნიშნული რადიოს მაუწყებლობა იგეგმება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" კომენტარს არ აკეთებენ, მართლაც აქვთ თუ არა გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტი გოგა ხაინდრავას კომპანიასთან. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი განმარტავენ, რომ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს მაუწყებლის ურთიერთობაში მესამე პირებთან.