ვინ გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან? - ექსპერტები ესტონურ მოდელს აფასებენ

საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პირველი მნიშვნელოვანი რეფორმის საკითხი კვლავ გააქტიურდა. მთავრობა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს, რაც რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. კომპანიები მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრებიან.

ბიზნესსექტორი მოგების გადასახადის რეფორმას უკვე ორი წელია ითხოვს. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ესტონულ მოდელზე გადასვლა კაპიტალის დაგროვებას ხელს შეუწყობს და საგადასახადო ადმინისტირებას გაამარტივებს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ რეფორმის განხორციელებისას საგადასახადო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო.

მოგების გადასახადის სახით ყოველწლიურად ბიზნესსექტორი ბიუჯეტში დაახლოებით 900 მილიონ ლარს იხდის. საინვესტიციო ჰოლდინგ "ისთ გეით ჯგუფში" აცხადებენ, რომ ახალ მოდელზე გადასვლა კომპანიებს რეინვესტირების სტიმულს მისცემს, რაც ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ინიციატივა ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის საკმარისი არაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საგადასახადო ლიბერალიზაციის საკუთარი გეგმის წარდგენას ხელისუფლებისთვის მიმდინარე კვირაში გეგმავს. ექსპერტთა ნაწილი კი საგადასახადო ლიბერალიზაციის პარალელურად მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს.

ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტის შემოსავლების 300-400 მილიონით შემცირებას ვარაუდობს. შესაბამისი ცვლილებების წარდგენა პარლამენტში საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე