"სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ხაზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნენ

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, ახალციხე-ბათუმის 220 კვ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. როგორც "სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის მენეჯმენტი ადგილზე გაეცნო ახალციხე-ბათუმის 220 კვ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სამუშაოებს. მათივე ინფორმაციით, ახალციხე-ბათუმის 220კვ.-იანი ორჯაჭვა, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და ინდურ კომპანია KEC-ს შორის 2015 წლის აგვისტოს თვეში გაფორმდა და 2018 წელს დასრულდება.

"პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება მდინარე აჭარისწყალზე მშენებარე ჰესების – "შუახევიჰესის" და "კორომჰეთიჰესის" მიერთება სახელმწიფო ენერგოსისტემასთან და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემაში შეყვანა, რაც დაახლოებით 360 მეგავატს შეადგენს. პროექტი "მსოფლიო ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ღირებულება 36,6 მლნ აშშ დოლარია.

ვიზიტის ფარგლებში, ინსპექტირება ჩაუტარდა საერთო ჯამში 51 კმ-ი სიგრძის, N250-398 შუალედში მდებარე ანძებს. გაიზომა დახრის კუთხეები, მოინიშნა მეწყერსაშიში უბნები, კონტრაქტორთან, ქვეკონტრაქტორთან და კონსულტანტთან ერთად ხაზის დათვალიერების პარალელურად, გაიმართა შეხვედრები პროექტში არსებული საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით", - განმარტავენ "სახელმწიფო ელექტროსისტემაში". მათივე ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობის გამო, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მენეჯმენტი მსგავსი ტიპის ვიზიტებს მომავალშიც გააგრძელებს.

"პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმის ელექტრომომარაგებას, გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას და ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში, მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ექსპორტი თურქეთისა და სხვა პოტენციური ბაზრების მიმართულებით", – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.