დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის წაკითხვის უფლება აქვს

ევროპელ დამსაქმებლებს უფლება აქვთ, წაიკითხონ დასაქმებულების პირადი ონლაინ მიმოწერები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუმინელი ინჟინრის საქმეს უკავშირდება, რომელმაც სამსახურებრივი მიზნებისთვის შექმნილი Yahoo-ს ანგარიში ძმასა და საცოლესთან პირადი მიმოწერებისთვისაც გამოიყენა.

მომხდარი დამსაქმებელმა მისი პირადი მიმოწერების შემოწმებით გაიგო. ინჟინერს აცნობეს, რომ კომპანიის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება Yahoo-ს სპეციალურად შექმნილი ანგარიში, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ კომპანიის კლიენტთა შეკითხვებისთვის უნდა ეპასუხა, პირადი მიმოწერებისთვის გამოეყენებინა. ინციდენტი 2007 წელს მოხდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „არ არის არაგონივრული, თუ დამსაქმებელს სურს გაიგოს, ასრულებს თუ არა დასაქმებული თავის სამსახურებრივ მოვალეობას სამუშაო საათებში“. ამგვარად, სასამართლომ რუმინელი ინჟინრის მოთხოვნა - მომხდარი მისი პირადი უფლების დარღვევად ეღიარებინა, არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. აღსანიშნავია, რომ კონვენცია საქართველოსაც აქვს რატიფიცირებული.