ნოდარ ებანოიძე - ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის ანგარიშის მოსმენა ვალად გვაქვს

ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის ანგარიშის მოსმენა ვალად გვაქვს და ეს მოსმენა პარლამენტში აუცილებლად გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განუცხადა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის მოისმენენ ეროვნული ბანკის ანგარიშს პარლამენტში და აღნიშნა, რომ ვადები უკვე დარღვეულია და ორი-სამი კვირით ადრე იქნება თუ გვიან ეს მოსმენა, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მოესმინა და ეს საკითხი დღის წესრიგშიც იყო შეტანილი. კომიტეტებში განხილვებიც მიმდინარეობდა ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით. თუმცა მან ითხოვა, რომ გიორგი ქადაგიძეს გამოეტანა ეს საკითხი განსახილველად. შემდეგ უკვე, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, კვორუმის პრობლემა შეიქმნა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმაც არ შეუწყვეს ხელი ამ პრობლემის მოგვარებას. რაც შეეხება გასული წლის დეკემბრის თვეს, მისი თქმით, ის საკმაოდ დაძაბული იყო ერთის მხრივ - საბიუჯეტო და მეორეს მხრივ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის გამო.

"ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ აქამდე მოსმენილი არ არის ეროვნული ბანკის ანგარიში. თუმცა კომიტეტში მოსმენები ჩატარებულია. ვფიქრობ, ამ საკითხს უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა მიეცა. ეს განხილვა აუცილებლად მოეწყობა შესაბამის დროს, თუმცა, არ ვიცი, რომელ კვირაში იქნება, ამას პარლამენტის ბიურო წყვეტს", - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ. მისივე თქმით, პარლამენტს ასევე კითხვები აქვს და სურს აუდიტის სამსახურის ანგარიშის მოსმენა. რაც შეეხება იმას, ეროვნული ბანკის ანგარიშს პარლამენტში წარადგენს თუ არა ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა მოისმინოს ეროვნული ბანკის ანგარიში და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება გამოტანილი ქადაგიძის, მესტვირიშვილის თუ სხვა ვინმეს მიერ.