ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო" ერთი წლის განმავლობაში წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები კომპანიის GWP წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზაციას ,,ბავშვი და გარემო" ეწვივნენ.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, კომპანიის GWP წარმომადგენლებმა დეპუტატებთან ერთად მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და კომუნალური, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში წყლის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ინფორმაცია მიაწოდეს.

"საქველმოქმედო ღონისძიების დასასრულს, ცენტრის აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ორგანიზაციისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა კი, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს.

ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო" 3 ცენტრს მოიცავს, რომელთა მიზანი ბავშვების უფლებების დაცვა, მათი აუცილებელი თავშესაფრით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, ასევე ბავშვების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობაა.

ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით ცენტრს საჭირო დახმარება პოლონეთის საელჩომ და დიდუბის რაიონის გამგეობამ გაუწია, კერძოდ, კეთილმოეწყო ტერიტორია, დაიდგა ატრაქციონები, მოხდა გარემოს შშმ პირებისთვის ინტეგრირება, მოეწყო სპორტული მოედანი, დაიგო გზის საფარი და გაკეთდა ბორდიურები", - ნათქვამია ინფორმაციაში.