Amnesty International: Apple და Samsung ბავშვთა შრომას იყენებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Apple, Sony და Samsung ბავშვთა შრომასთან ბრძოლაში საკმარის ზომებს არ მიმართავენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ელექტრონული მოწყობილობებისთვის საჭირო კომპონენტს, კობალტს ძირითადად ცერნტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოიპოვებენ, სადაც მაღაროებში მცირეწლოვანი ბავშვები მუშაობენ.

ანგარიშის თანახმად, კობალტის გადამყიდველები მასალას კონგოს სწორედ იმ რაიონებში ყიდულობენ, სადაც ბავშვთა შრომა ფართოდაა გავრცელებული და შემდეგ კობალტს ჩინური მეტალურგიული გიგანტის, Huayou Cobalt-ის შვილობილ კომპანია Congo Dongfang Mining-ზე ყიდიან.

თავის მხრივ, ამ კომპანიისგან მინერალს 10-ზე მეტი ტრანსნაციონალური კორპორაცია ყიდულობს.

Amnesty International-ში აცხადებენ, რომ კონგოს მაღაროებზე ათასობით ბავშვი დღეში 12 საათს მუშაობს. უფლებადამცველთა ცნობით, 2014 წლის სექტემბერი-2015 წლის დეკემბრის პერიოდში კონგოს მაღაროებში სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.

თავის მხრივ, ანგარიშში ნახსენები კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბავშვთა შრომის პრევენციისთვის გარკვეულ ზომებს მიმართავენ.