სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება 150 ლარით დაისჯება

მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ ცვლილებას "ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში" დაგეგმილი იმ ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად საგზაო მოძრაობის მიმართულებით, სხვადასხვა კანონპროექტებთან ერთად წარუდგინა.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ავტორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა საკმაოდ ხშირია, თუმცა ამ ქმედებისათვის შესაბამისი სახდელი გათვალისწინებული არ არის. ამჟამად ადმინისტრაციული წესით – 150 ლარით დასჯადია მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ასევე გაუქმებული მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა. 150 ლარით ჯარიმდება პირი, რომელიც მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, ცრუ ინფორმაციას მიაწვდის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე