„მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზეც“

ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მსოფლიოს ენერგობაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენას გულისხმობს.

დასავლეთის გადაწყვეტილება - კვლავ მისცეს თეირანს საკუთარი ენეგორესურსების ექსპორტის შესაძლებლობა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. როგორ აისახება აღნიშნული მოვლენები საქართველოზე და გაიაფდება თუ არა საქართველოში საწვავი, ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსი" "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა. როგორც მთვრალაშვილი ამბობს, ირანისთვის სანქციების მოხსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა, რაც მსოფლიო ბაზარზე, ისევე როგორც საქართველოში ფასების ცვლილებას გამოიწვევს. თუმცა, მისივე თქმით, რთულია პროგნოზირება თუ რა ნიშნულამდე დაეცემა ნავთობის ფასი, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფასები შემცირდება.

„როდესაც საერთაშორისო ენერგობაზარს ირანული ნავთობი დაემატება, ეს მსოფლიო ბაზრებს აძლევს იმის სტიმულს, რომ ფასი კიდევ ქვემოთ წამოვიდეს. ირანს ჯერ სრულფასოვანი ექსპორტი არ დაუწყია, თუმცა, მას შემდეგ რაც სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, ფასები დაიწია. უახლოეს კვირებში დაიწყება ირანული ნავთობის ექსპორტი და ეს, რა თქმა უნდა, ფასებზეც აისახება. მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზეც. ვინაიდან ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, დამოკიდებული ვართ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასზე“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ასევე გასათვალისწინებელია საწვავზე ფასების კლების შემთხვევაში.

„თუ ლარი დოლართან მიმართებაში სიმყარეს შეინარჩუნებს, ეს იქნება იმის განმაპირობებელი, რომ ფასები მსოფლიოს ფასების მიხედვით შემცირდება. თუ ლარი გაუფასურდა, მაშინ იმ ოდენობით ვერ მოხდება შემცირება, როგორც მსოფლიოში. ვინაიდან როგორც ვიცით, ვაჭრობა დოლარში ხდება, გასულ წელს მაგალითად მთლიანობაში ფასი 40 თეთრით შემცირდა, და ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, ფასების შემცირება გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა“, - განმარტავს bpn-თან საუბრისას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე.

ირანისთვის სანქციების მოხსნა, საქართველოს მეზობელ ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას. განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და რუსეთზე, რომელთა ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ენერგორესურსების ექსპორტით ივსება. ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის რეკორდულმა კლებამ უკვე დააზარალა. ახლა კი მათ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ბაზარზე ენერგორესურსების მწარმოებელი კიდევ ერთი ქვეყნის - ირანის ხელახლა გამოჩენა.

თამთა ჯიჯავაძე