რომან გოცირიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა დასახელებული

ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა დასახელებული. ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, თუმცა გოცირიძეს კანდიდატების ვინაობა არ დაუსახელებია.

"საინტერესო იყო, რომ სულ იყო ოთხიოდე კანდიდატურა. ეს არის ერთი მხრივ, კარგი, იმიტომ, რომ საზოგადოება, ექსპერტები თუ რეკომენდატორები, საკუთარ როლს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან", - განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, კანდიდატურების დასახელების პროცესი გაგრძელდება და ბუნებრივია, უფრო მეტი შანსი იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს მომავალი წევრის ღირსეული კანდიდატურა შეარჩიონ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დასახელებული 4 კანდიდატიდან, მისთვის 2 ნაცნობია, 2 კი უცნობი.

"ერთი კვირის შემდეგ ალბათ, უფრო ვრცელი სია შედგება, საიდანაც გვექნება უფრო დამშვიდებით და პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატების არჩევის შესაძლებლობა", - განაცხადა გოცირიძემ.