საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი .გე ზონის დომენის სარეზერვო ბაზის შესაქმნელად წინასწარ რეზერვაციას იწყებს

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .გე ზონაში არსებული საინტერნეტო მისამართების შესატყვისი .გე ზონის დომენის სარეზერვო ბაზის შესაქმნელად წინასწარ რეზერვაციას იწყებს.

როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, .გე ზონის დომენების რეგისტრაცია საჯარო ხდება და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის იქნება საიტზე – რეგისტრაცია.გე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფიო ელიზბარაშვილმა განუცხადა, წინასწარი რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და უფასო იქნება.

"არსებობს 6 თვიანი წინასწარი რეგისტრაციის პერიოდი. იმ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ .გე დომენი, ექნებათ უპირატესობა, მოახდინონ რეზერვაცია დომენის რეპლიკის. რეპლიკა გულისხმობს – QWERTY კლავიატურის სიმბოლოების სრულ დამთხვევას კა QWERTY კლავიატურის სიმბოლოებზე. ანუ მაგალითად, თუ არის საიტი prezident.ge, ქართულად იქნება – პრეზიდენტ.გე, და არა პრეზიდენტი.გე" - განაცხადა სოფიო ელიზბარაშვილმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეპლიკაზე პრეტენზია ორ პირს ექნება, შემოწმდება, თუ ვის ეკუთვნის .ge დომენი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ინფორმაციით, დომენის რეზერვაციის შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული დომენის ქართულ ვერსიას ვერავინ აიღებს, თუმცა შეზღუდვა იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ .გე დომენის მფლობელი ქართულ .ge დომენით არ ისარგებლებს.

"1 წლის განმავლობაში დარეზერვებულ დომენს ვერავინ აიღებს. თუ ერთი წლის ვადაში არ მოხდება მისი დარეგისტრირება, უკვე შესაძლებელი იქნება სხვამ ისარგებლოს .გე დომენით.

თუ არ გსურთ ქართული საიტის ცალკე გამოყენება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია უკვე არსებულ ვებ-გვერდს მიებას .გე დომენი, რათა სხვამ არ აიღოს თქვენი ვებ-გვერდი ქართულად", - განმარტა სოფიო ელიზბარაშვილმა.