2015 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2204 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646 მლნ აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წელს 30 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი).

2015 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1517 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (789 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (783 მლნ აშშ დოლარი).

2015 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 271 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 195 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 180 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 745 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 657 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 461 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).