მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაცია შესაძლოა 1-ელი ივნისიდან აიკრძალოს

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაცია შესაძლოა 2016 წლის 1-ელი ივნისიდან აიკრძალოს. აღნიშნულ თარიღს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ასახელებს, რომლის განმარტებითაც, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე შეთანხმდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ფიზიკურ პირებს, დილერებს იმპორტირების პროცესი დასრულებული არ ჰქონდეთ და მათ კანონის 1-ელი მარტიდან ამოქმედებით ზიანი მიადგეთ, ამკრძალავი ნორმის ძალაში 1-ელი ივნისიდან შესვლა იგეგმება.

"ეს დრო საკმარისზე მეტიცაა იმისათვის, რომ ვინც იმპორტირების პროცესს ახლა დაიწყებს, 1-ელ ივნისამდე ყველაფერი დაასრულოს და ავტომანქანების რეგისტრაციაც მოახდინოს", - აცხადებს ვახტან ხმალაძე.

ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე დახურული კონსულტაციები პარლამენტში გუშინაც გაიმართა. საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ოქროპირიძეს შეხვდნენ.