ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი მოსამართლე გიორგი სულაკაძეზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, იმედა დვალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. როგორც ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლე გიორგი სულაკაძეზე კოკი ოსიპოვის კომპანია "აგრიკომი" და სოსო დოლიძის კომპანია "ტრანსფორდი", ასევე ხშირ შემთხვევაში "თიბისი ბანკი" ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ადვოკატმა საქმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ კერძო დავა საჯარო სივრცეში გადაიტანა.

"ჩემი მთავარი გზავნილი და მოთხოვნა არის, რომ სასამართლოების სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სხვადასხვა ინსტანციების და რგოლის სასამართლოებს შორის ერთმანეთის კრიტიკა შეწყდეს. მივმართავ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, განახორციელონ ღონისძიებები და მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, რომ თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, რომელიც განუწყვეტლივ მიმდინარეობს და თავიდან იქნას აცილებული მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამ ზეწოლას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ დაინტერსებულმა მხარეებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც მათ ინტერსებს ემსახურება, შეინარჩუნონ უკანონოდ მოპოვებული ქონება, მიღებული სარგებელი, რომ ზეგავლენა მოსამართლეზე იქონიონ. უდიდეს პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოადგენენ, მაგრამ ამ კუთხით მათ დამოკიდებულებას ვთვლი არასწორად და ჯობს ჩვენს შორის დავა წარიმართოს სასამართლოში", - განაცხადა იმედა დვალიძემ.

ადვოკატმა მოწინააღმდეგის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის თანახმად, ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლე სულაკაძე ყველა საქმეს განიხილავს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ სულაკაძე ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ მხოლოდ ორ საქმეს განიხილავს. "მე, როგორც ადვოკატი, ვითხოვ და სწორად მიმაჩნია, რომ საქმეები ელექტრონულად განაწილდეს, ვინაიდან ასეთი ბრალდებები აღარ იყოს", - განაცხადა იმედა დვალიძემ.