კომპანია ”სანტეს” ერთ-ერთი აქციონერი „ლაქტალის ჯგუფი“ გახდა

ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი მსოფლიოში რძის პროდუქტებისა და ყველის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „ლაქტალის ჯგუფი“ გახდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სანტედან“ აცნობეს, „ლაქტალისი“ „სანტეს“ ერთ-ერთ მსხვილი აქციონერი გახდა, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტები წარმოაჩინოს, განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

„ლაქტალისის“ თანამონაწილეობა ქართული რძის პროდუქტების წარმოებაში იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში სამომავლო ინვესტირებისათვის”, - აცხადებენ კომპანია ”სანტეში”.

„სანტე“ ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი. დღეს ”სანტეს” პროდუქცია რამდენიმე ბრენდს: „სანტეს“, „სანტინოს“, „სანტისიმოს“ და ერთადერთი ქართული ყველის ბრენდ „სანებოს“ მოიცავს.

”დღეისათვის, „სანტე“ არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ქვეყნის

მასშტაბით ადგილობრივი მოსახლეობისგან მთელი წლის განმავლობაში აგროვებს

მილიონობით ლიტრ ნატურალურ რძეს”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება ახლა აქციონერ კომპანიას, რძის პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიოში ლიდერი კომპანია „ლაქტალისი“ 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ საფრანგეთში დაარსდა. „ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, მათ შორის ისეთის, როგორიცაა „პრეზიდენტი“, „პარმალატი“, „გალბანი“. „ლაქტალის ჯგუფში“ ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული. კომპანიის ბრუნვამ 2014 წელს 16.5 მილიარდი ევრო შეადგინა.