შს მინისტრის მოადგილე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს აცნობს.

"ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს. საგზაო მოძრაობისას დაღუპულთა კუთხით ჩვენზე წინ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და სომხეთი. ამას რომ დავამატოთ სხვადასხვა რისკები, რასაც ექსპერტები მიუთითებენ, ეს არის ქაოსური მოძრაობა, ეს უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე. მხოლოდ თბილისის მასშტაბით დასახიჩრებულ პირებზე მთავრობა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.