ლევან თარხნიშვილი – თქვენი ლოგიკით მანქანები საერთოდ უნდა ავკრძალოთ და გადავჯდეთ ურემსა და ცხენზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან თარხნიშვილი შს სამინისტროს იმ სტატისტიკის წარდგენას სთხოვს, რომელიც მომხდარ ავარიებში მარჯვენასაჭიანი და ძველი ავტომობილების ბრალეულობას დაადასტურებს.

"საუბარია იმის შესახებ, რომ უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავარიაში, ვიდრე მკვლელობით. არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რომ ამ განსხვავებაში უფრო დამნაშავე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მართვაა ან უფრო დამნაშავე ძველი ავტომანქანებია. გასაგებია, რომ სტატისტიკით ავარიით უფრო ბევრი იღუპება, მაშინ ლოგიკურად საერთოდ უნდა ავკრძალოთ მანქანები და გადავჯდეთ ურემზე, ან ცხენზე. თუ ავტომანქანაა დამნაშავე, მაშინ ყველა ავტომანქანა უნდა ავკრძალოთ და არა გარკვეული სახის ავტომობილები. მოტოციკლი ბევრად უფრო მეტი საფრთხის შემცველია, მაგრამ ინიცირებული კანონპროექტით მათ შემოტანაზე შეღავათები წესდება - სად არის აქ ლოგიკა, გაუგებარია", - აღნიშნული განცხადება თარხნიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცნობს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.