გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.