ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე ჩხარაზე ახლად აშენებულ ხიდზე გადაერთო

E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ხიდზე გადაერთო. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ ხიდზე გადართვა სრულად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრზე, მდინარის ადიდებისას დროებით გზაზე იქმნებოდა ხოლმე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები.

ორი დღის წინ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე 5 კმ-მდე მანძილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო. პროექტის ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს.