აკაკი ცომაია - ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რამდენი პროცენტით გაუფასურდება ლარი

ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რამდენი პროცენტით გაუფასურდება ლარი, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

"მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი საგარეო სავაჭრო პარტნიორები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და მაშასადამე, ეს არის დსთ-ს სივრცე. ძირითადი სავაჭრო ბრუნვები, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები ამ ქვეყნებში ხორციელდება. რეგიონში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, რაც უკავშირდება ნედლეულზე ფასების შემცირებას, მათ შორის, ლომის წილი აქ ნავთობპროდუქტებს უკავია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, მცირდება მათი ეკონომიკები, ეს ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც და სხვა წყაროებზეც აისახება, საიდანაც ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ანუ ჩვენთან უცხოური ვალუტის მიწოდება ასევე მცირდება, რის გამოც, შესაბამისად, ლარი უფასურდება", - აცხადებს ცომაია.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის დახარჯვას აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეს არ არის გამოწვეული ლარის გადაჭარბებული მიწოდებით, ან არასწორი ფისკალური პოლიტიკით, ამდენად რეზერვის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება. ანუ ამან რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება პროცესი ცოტა ხნით შეაჩეროს, მაგრამ კურსი საბოლოო ჯამში, მაინც გაუფასურდება, ან იქნება ისეთი, როგორც არის", - განაცხადა ცომაიამ.

ამასთან, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში მთავრობამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ხარჯვა და საზოგადოებრივი დანაზოგების ფორმირებაზე გადავიდეს.

"ლარის ხარჯვის მოცულობები უნდა შემცირდეს საზოგადოებაში. ეს მოკლევადიან პერიოდში ლარის შემდგომი გაუფასურების პროცესს შეაჩერებს. გრძელვადიან პერიოდში ჩვენი "აქილევსის ქუსლი" არის ის, რომ ჩვენ მთალიანად ვართ დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე, უნდა მოხდეს დივერსიფიკაცია და რამენაირად უნდა გადავერთოთ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტაბილურები არიან", - განაცხადა ცომაიამ.

იგი მიიჩნევს, რომ გაუფასურება შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ეკონომისტი ამ მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება, რომელსაც უკვე ადგილი ჰქონდა.

"ვფიქრობ, რომ მოსახდენი უკვე მოხდა. ყველაზე მთავარი ჩვენ უკვე გავიარეთ და გადავიტანეთ. ის რაც მოხდა, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენ რეალური შემოსავლის დიდი ნაწილი დავკარგეთ. როგორც ჩანს, ნეგატიური ფუნდამენტალური ფაქტორები, ისევ ჩვენ საწინააღმდგოდ მოქმედებს, ჯერჯერობით ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ იმ მასშტაბით ლარს აღარ გააუფასურებს. რამდენი პროცენტით გაუფასურდება, სად იქნება საბოლოო წერტილი, როდესაც აღარ დაიწყებს გაუფასურებას - ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას", - განაცხადა ცომაიამ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია.

სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.45-2.46 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო ზოგიერთ კომერციულ ბანკში მისმა ღირებულებამ 2.49 ლარს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე