დავით ნარმანია სლოვაკეთში შეხვედრებს აგრძელებს

თბილისის მერი დავით ნარმანია სლოვაკეთში ვიზიტს განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, ნარმანიამ, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ჟილინას გუბერნატორ იურაი ბლანართან გამართა. მათივე მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერთან ერთად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრებოდა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ორ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პირველი ეს არის ტურისტული სექტორი. კონკრეტულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ტუროპერატორები ჩამოვლენ ადგილზე, რათა დაათვალიერონ ჩვენი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ პარტნიორებს და კოლეგებს, ხოლო მეორე - ეს არის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან არსებობს კონკრეტული პროექტები, რაც ჩვენ დედაქალაქში შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტორების მონაწილეობით. მათგან მივიღეთ შეთავაზებები და დაველოდებით კონკრეტულ წინადადებებს ამა თუ იმ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ ჟილინის თვითმმართველი ერთეულის საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.