გიორგი კვირიკაშვილი - "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენასთან დაკავშირებით, წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ

რუსული კომპანია „ვიმპელკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ შესყიდვასთან დაკავშირებით წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ამ საკითხზეც იყო საუბარი.

„დიახ, იყო საუბრი. ჩვენ ამ თემას მარეგულირებელთან ერთად განვიხილავთ. წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ. არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე, საუბარია შიდა მიწოდების, დისტრიბუციის ქსელის გაყიდვაზე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება განხილული. ეს მთლიანად მარეგულირებლის გადასაწყვეტია. მე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ინფორმაციას მივიღებ და შესაძლოა, უფრო მოგვიანებით, დეტალური კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.

თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი" გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.