ოკუპირებულ აფხაზეთს დღეიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა დღეიდან ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლანტ ბასარიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გრაფიკი 15 აპრილამდე იმოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ენგურჰესი" დატვირთვას ვერ გაუძლებს. გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ყოველდღე ელექტროენერგიის მიწოდება 4 საათით შეწყდება. ბასარიას თქმით, ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხე იმის გამო შეიქმნა, რომ გასული წლის ზაფხულში საქართველოს დასავლეთ ნაწილში გვალვა იყო, რის შემდეგაც წყალსაცავში წყლის დონემ 17 მეტრით დაიწია.