ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა სასამართლომ ოფიციალურად სცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა სასამართლომ ოფიციალურად სცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მის მემკვიდრედ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბენდუქიძის ქალიშვილმა პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განვლილ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას თქმით, კახა ბენდუქიძის ქონება ორ ნაწილად არის გაყოფილი მის მეუღლესა და შვილს შორის.

"მემკვიდრეობის შესახებ სამართლებრივი დავა სამ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში მიმდინარეობდა. დნმ ტესტმა დაადასტურა, რომ ჩემი და კახა ბენდუქიძის გენების თანხვედრა 99,999 %-ია. ის, რომ კახა ბენდუქიძე მამაჩემია, უკვე დადგენილია. ახლა შემიძლია გადმოვიდე საქართველოში და ჩავერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, დამჭირდება, რომ გავერკვე სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ მე არ ვიქნები გადაწყვეტილებების მიმღები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ურთიერთმოლაპარაკების ნიადაგზე. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოვახერხებთ", - განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ.