რაციონალური კაცები, შემგუებელი ქალები?

საქართველოს მომხმარებელთა ნდობის ინდექსის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები

სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.

ამ ადამიანებისგან მიღებული პასუხების საფუძველზე დგება მომხმარებელთა ნდობის ინდექსი (Consumer Confidence Index – CCI), რომელიც ყველა ეკონომისტისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მაგალითად, მომხმარებელთა პესიმისტური განწყობა მომავლის შესახებ ნიშნავს, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, ნაკლებს დახარჯავენ, რითიც დაასუსტებენ ერთობლივ მოთხოვნას.

ცოტა ადამიანი თუ იაზრებს, რომ მომხმარებელთა ნდობის ინდექსის თითოეული რიცხვის უკან ძალიან სასარგებლო და ხშირად მოულოდნელი ინფორმაცია დგას. CCI-ის მონაცემების გამოყენებით შეგვიძლია შევამოწმოთ არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური თეორია. მაგალითად, რაციონალური და შემგუებლური მოლოდინების თეორია.

აქ იმედი უნდა გავუცრუო მკითხველებს და ვუთხრა, რომ ეკონომიკაში ტერმინებს „რაციონალური“ და „შემგუებლური“ არ აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ყოველდღიურ მეტყველებაში. რაციონალურს არაფერი აქვს საერთო საღად ან ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანთან, არც შემგუებელი ნიშნავს, რომ ვინმე ადვილად ერგება ცვლილებებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით, ვთქვათ, რომ მომავლის პროგნოზირებისას რაციონალური მოლოდინების მქონე ადამიანები იყენებენ ამ დროისთვის მათ ხელთ არსებულ ყველანაირ ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული ადამიანების მოლოდინები მომავალთან დაკავშირებით ყოველთვის არ გამართლდება, მაგრამ საშუალოდ, გრძელვადიან პერიოდში მათი პროგნოზები გამართლდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს რაციონალური მოლოდინების თეორია.

რა ხდება შემგუებლური მოლოდინების თეორიასთან დაკავშირებით? მსგავსი მოლოდინების მქონე ადამიანები მომავლის პროგნოზს აკეთებენ წარსულის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბოლო 10 დღის განმავლობაში წვიმდა, თქვენ გექნებათ მოლოდინი, რომ ხვალაც იწვიმებს.

რა შეგვიძლია ვთქვათ ქართველი მომხმარებლების მოლოდინების შესახებ? CCI-ის ინდექსი გვთავაზობს ძალიან საინტერესო პასუხებს.

განაგრძეთ კითხვა