თბილისის საკრებულოს ოპოზიცია კეთილმოწყობის სამსახურში მაია გოგიბერიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას კორუფციის ფაქტად აფასებს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია კეთილმოწყობის სამსახურში კომპანია "ხიდის" ყოფილი დირექტორის მაია გოგიბერიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას მერიაში კორუფციის ფაქტად აფასებს.

თბილისის საკრებულოში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გივი კუბლაშვილი იყო მიწვეული. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა კუბლაშვილს თბილისში გზებზე შესრულებულ სამუშაოებზე და სხვა საკითხებზე კითხვები დაუსვეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, რატომ აიყვანა კუბლაშვილმა კომპანია "ხიდის" ყოფილი დირექტორი მაია გოგიბერიშვილი ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაშინ როდესაც კომპანიის მიმართ გამოძიებას 1,5 მილიონი ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებით კითხვები გააჩნია. აბესაძის თქმით, კომპანიას ე.წ. ავჭალის ხიდებთან ხიდი უნდა აეშენებინა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, ვისი რეკომენდაციით დანიშნა კუბლაშვილმა მაია გოგიბერიშვილი ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ გოგიბერიშვილის მიმართ გამოძიებას კითხვები არ აქვს და იგი პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი მერიაში პირდაპირი კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ოპოზიციის ბრალდებას არ ეთანხმება და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

"მაია გოგიბერიშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით არანაირ კრიმინალთან არ გვაქვს საქმე. ასეთ ბრალდებას ჩემს მიმართ ვერ მივიღებ. იგი არანაირ კორუფციულ გარიგებაში არ მონაწილეობდა, არის პროფესიონალი. დროებით მოვალეობის შემსრულებელია. შეიძლება ჩვენთან მუშაობა ვერ გააგრძელოს, თუ შესაბამისი პროცედურები ვერ გაიარა. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია "ხიდის" დაფუძნებლის მიმართ არის საქმე აღძრული და არა კომპანიის დირექტორისა და თანამშრომლების მიმართ.

"კომპანიის დამფუძნებელმა თუ საქმე გააფუჭა, მე პროფესიონალ კადრებს ვერ დავადანაშაულებ, რომელიც სამსახურში მჭირდება. უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ თანამდებობზე კონკურსს, მათ შორის ამ თანამდებობაზეც. კონკურსი თებერვლის შუა რიცხვებში ჩატარდება და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გივი კუბლაშვილმა.