გურიაში ელექტროენერგია 2400-მდე აბონენტს არ მიეწოდება

ამ დროისთვის, გურიაში ელექტროენერგია 2400-მდე აბონენტს არ მიეწოდება, - ამის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, გურიაში სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედ შტაბში ცხელი ხაზი მოქმედებს. რეგიონში გადაუდებელი თოვის გამო მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ოთხივე მუნიციპალიტეტში გზები ინტენსიურად იწმინდება. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია, თუმცა გზები ინტენიურად იწმინდება და მუნიციპალიტეტების ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად მოძრაობს.

"სამწუხაროდ, გურიის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 2400-მდე აბონენტს, თუმცა, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია დაახლოებით 25-მდე ერთეული ტექნიკა. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. გზებზე იყრება მარილი. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და მეზობელ რეგიონებთან. სამეგრელოს გუბერნიიდან უახლოეს საათებში სამხიდიანი გრეიდერი შემოვა", - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გურიის გუბერნატორი ხელმძღვანელობს, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მოქმედებს ცხელი ხაზი - (0496)27 – 58 – 81; 595 59 - 77 – 70. შტაბს კოორდინაცია აქვს "ენერგო-პრო ჯორჯიას", "წყალმომარაგების კომპანიისა" და "სოკარ გაზის" შტაბებთან.