ინვესტორები დღეს ლარს აღარ ენდობიან

ლარის მიმართ ნდობა დღეს დაკარგული აქვთ არა მარტო ქართველ ბიზნესმენებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს,

არამედ ნებისმიერ იმ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც აპირებს ან აპირებდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. ამის შესახებ „რადიო პალიტრის“ გადაცემა ”საქმეში” „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბიზნესის წარმატებით მუშაობისთვის ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა საჭირო.

”ქვეყანაში რომ დოვლათი შეიქმნას და ბიზნესმა წარმატებით იმუშაოს, ქვეყანას სჭირდება სტაბილური ლარი. ქვეყანას სჭირდება ისეთი ეროვნული ვალუტა, რომლის მიმართაც იარსებებს ნდობა. დღეს ლარის მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ, არა მარტო ქართველ ბიზნესმენებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ იმ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც აპირებს ან აპირებდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. შოტლანდიელი ან ისლანდიელი მეწარმე რომ იყოთ, ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ქართული ეროვნული ვალუტა იმყოფება, საქართველოში ინვესტიციას განახორციელებდით? - რასაკვირველია, არა და უფრო უსაფრთხო გარემოს მოძებნიდით“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.