გიორგი ქადაგიძე – მეჭიაურის კომიკურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს კომიკურს უწოდებს. ასე გამოეხმაურა ქადაგიძე თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა.

"მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ უმეტესობას გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა განკარგვადი შემოსავლები, ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ რა უნდა გაკეთდეს, რა სისტემური ღონისძიებები უნდა გატარდეს და ამიტომ ბატონი მეჭიაურის სრულიად კომიკურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ქადაგიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა რეზერვები და როგორ აისახა ის ლარის კურსზე.

"გამოვითხოვე ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან. მაინტერესებს, როგორ იხარჯებოდა რეზერვები და როგორ აისახებოდა ეს ლარის კურსზე – რეზერვები, რომელიც გაიყიდა ამ პარასკევს. მაინტერსებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს რეზერვები", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, გამოსავალზე მთავრობა ეროვნული ბანკთან ერთად მუშაობს.

"როგორც კი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ გეტყვით ჩემს აზრს", - აღნიშნა მეჭიაურმა.