გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ "ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის" გამოუქვეყნებლობა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა

"ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის" გამოუქვეყნებლობა ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ მოხდა "ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის" გამოქვეყნება. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, "ფინანანსური სტაბილურობის ანგარიში" 2014 წლის წლიურ ანგარიშთან არანაირ კავშირში არ არის.

"ყველა შეფასებით, ეროვნული ბანკი არის ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია. ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ვებგვერდზე და ათიათასობით მოქალაქე ყოველდღიურად იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდიდან. რაც შეეხება "ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის" არგამოქვეყნებას, ეს არის პირადად ჩემი გადაწყვეტილება და თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ არ გამოქვეყნებულიყო ეს ანგარიში, ამაზეც სიამოვნებით ვუპასუხებ დეპუტატებს, თუ ამის სურვილი ექნებათ", - განაცხადა ქადაგიძემ.

"ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს" საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს, რომელიც საქართველოს ფინანსური სტაბილურობის მაკროეკონომიკური ასპექტებისა და საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის ანალიზს მოიცავს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ანგარიში 2011 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა.