დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ეკონომიკაში დოლარიზაციის მოცულობა მაღალია, რაც გარკვეულწილად ჩვენი ეკონომიკის პრობლემაა

ქართულ ეკონომიკაში დოლარიზაციის მოცულობა მაღალია და ეს გარკვეულწილად ჩვენი ეკონომიკის პრობლემაა , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა "არჩევანში" ეკონომიკაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დოლარიზაციის მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში, დღეის მდგომარეობით, 68 პროცენტია, რაც ძალიან მაღალია.

"ვადასტურებ, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ეკონომიკის არის დოლარიზაციის მოცულობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეკონომიკაში. შესაბამისად, ყველაზე მძიმედ ვალუტის კურსის ცვლილება აისახება იმ მოქალაქეებზე, ვისაც სესხები აღებული აქვთ უცხოურ ვალუტაში. ეს პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. დოლარიზაციის მოცულობა ჩვენს ეკონომიკაში დღეის მდგომარეობით 68 პროცენტია, რაც ძალიან მაღალია. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კომერციულ ბანკებში ეჭვის შეტანა. კომერციულ ბანკებს აქვთ თავისი რეგულაციები, და მათ აქვთ შესაძლებლობა, გაასესხონ ის მოცულობა და იმ ვალუტაში, რა ვალუტაში და რა მოცულობითაც მათ მოზიდული აქვთ სახსრები. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს დანაზოგები, ყველა ადამიანი, და ეს რიცხვია დაახლოებით 65 პროცენტი, ათავსებს კომერციულ ბანკებში აშშ დოლარში. აქედან გამომდინარე კომერციულ ბანკებს მეტი შესაძლებლობა არ აქვთ და გასცემენ სესხებს დოლარში. ეს აისახება ყველაფერზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, მეორე ფაქტორი, რომელიც ვალუტის კურსის ცვლილებაზე მოქმედებს, არის ის, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით აქვს "ღია ეკონომიკა".

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა, განსხვავებით ჩენი მეზობლებისგან, რომელთაც აქვთ დახურული ეკონომიკა და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ იმპორტი და ექსპორტი თავისი ნებით შეზღუდონ ან გახსნან. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა და, შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ იმპორტის შეზღუდვის ნაწილი და შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა, ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დღეს ჩვენ ინფლაციური წნეხი იმდენად მაღალი არ გვაქვს, რაც შეიძლება დახურული ეკონომიკის დროს ყოფილიყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.