ისრაელი თურქეთს "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის ყიდვაში ადანაშაულებს

ისრაელი თურქეთს "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის ყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მოშე იაალონის თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფება თურქეთისგან ნავთობის სანაცვლოდ მიღებული თანხით დიდ სარგებელს იღებს.

"თურქეთის მთავრობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით ნებისმიერი სახის თანამშრომლობის ნაწილი. როგორც იცით, "დაეში" დიდი ხანია თურქეთიდან ნავთობის სანაცვლოდ მიღებული ფულით სარგებლობს. ვიმედოვნებ, ეს დასრულდება", - განაცხადა იაალონმა.

მისივე თქმით, ანკარამ ჯიჰადისტებს თურქეთის გავლით ევროპიდან სირიასა და ერაყში და პირიქით გადაადგილების უფლება მისცა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ღაზის სექტორისკენ მიმავალ თურქულ გემზე ისრაელის ძალებმა სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.