ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდში FITUR -2016-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრო. გიორგი ჩოგოვაძემ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გამოფენაზე 160-ზე მეტი სახელმწიფოდან 9 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. FITUR -2016-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი დაესწრო. გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა. მადრიდის გამოფენას ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.