ირანი ევროპაში გაზის ექსპორტს ორ  წელიწადში დაიწყებს

ირანი ბუნებრივი გაზის ექსპორტისთვის და მოპოვებისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რათა გაზის ექსპორტი ევროპაში ორ წელიწადში დაიწყოს.

ამის შესახებ ირანული კომპანია National Iranian Gas Export Co-ს მმართველმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ The Wall Street Journal-ს განუცხადა.

ერთ-ერთი ინიციატივა ითვალისწინებს Iran LNG-ის პროექტის განახლებას, რომელიც 2012 წელს, საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე 40%-ით იყო შესრულებული. პროექტის დასამთავრებლად 3-4 წელიწადია საჭირო. კიდევ ერთი, 2-წლიანი პროექტის თანახმად, ომანში გაზსადენი აშენდება.

გარდა ამისა, ირანული კომპანია ევროპელ პარტნიორებთან, ირანული თხევადი გაზისთვის განკუთვნილი მცურავი ტერმინალების მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ისლამურ რესპუბლიკას სურს, ევროკავშირში ექსპორტირებული გაზის მოცულობა წელიწადში 30 მილიარდ კუბომეტრამდე გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას საბერძნეთმა ირანისგან პირველი ნავთობი შეიძინა სანქციების მოხსნის შემდეგ.

ბუნებრივი აირის მარაგის თვალსაზრისით, ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.