"გირჩი" - მთავრობამ მოსახლეობისგან ფარულად, კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო

ახალი პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ინფორმაციით, მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ რამდენიმე რაიონი გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და მათი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

"მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა მიითვისა. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს შემდეგს: თქვენ ან თქვენი ოჯახი შესაძლოა თვლიდეთ, რომ საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გაგაჩნიათ, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ, ამუშავებთ, მაგრამ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაკეთებული არ გაქვთ. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ ისე, რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე", - აცხადებენ ახალი პოლიტიკურ ცენტრში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

"სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი. ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაპირებთ დავადგინოთ, ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება", - აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.