ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩჟეციანის პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის სახლი კომპანია "სუოლუნმა" გახსნა. ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს ამ კომპანიის მიერ გახსნილი რიგით მეორე სახლია.

2016 წლის ბოლომდე ჩინური კომპანია კიდევ 60-80 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს  ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მაია ცქიტიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჩჟეციანის პროვინციის ქალაქ ივუში და გაეცნო კომპანია "სუოლონის" სამომავლო გეგმებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

ჩჟეციანის პროვინციაში 55 მილიონი მოსახლეა. პროვინციის ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებლი პროდუქტი.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე