ჩეხეთი - ახალი სამოთხე ინვესტორებისთვის

პოლონეთსა და უნგრეთში კაპიტალის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით პოპულისტური ზომების გატარების ფონზე, ჩეხეთი, რომლის მოსახლეობაც 10,5 მილიონი ადამიანია, ინვესტორებისთვის ახალ სამოთხედ იქცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩეხეთის საინვესტიციო მიმზიდველობა ისეთ ქვეყნებს გაუტოლდა, როგორებიც არიან იაპონია, შვეიცარია, გერმანია და ნიდერლანდები, რომელთაც 10 წლის ვადაზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ ბონდებზე.

„12 წლის წინ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ჩეხეთის ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა, უმუშევრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია, ეროვნული ვალუტა კი ევროსთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდა“, - წერს „ბლუმბერგი“.

როგორც ეკონომისტი პიტერ მონტალტო „ბლუმბერგთან“ საუბარში აცხადებს, რეგიონის მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩეხი პოლიტიკოსები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებას მიესალმებიან.

„მათ შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ინვესტორები სრულად ენდობიან ჩეხეთის ინსტიტუციებსა და კანონის უზენაესობას“, - აცხადებს ეკონომისტი.

„ბლუმბერგის“ ცნობით, გასული წლის მესამე კვარტალში ჩეხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 4,7%-ით გიზარდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის მესამე შედეგია. ჩეხეთის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას ასევე ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამაც.

„2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში არსებული ჩეხური ობლიგაციების მოცულობა 36%-ით გაიზარდა. პოლონეთში ამ მაჩვენებელმა 5% შეადგინა, უნგრეთში კი პირიქით, 21%-ით შემცირდა“, - წერს „ბლუმბერგი“.

ამერიკული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჩეხეთში ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ხელს უწყობს ადგილობრივი ავტოწარმოება და მყარი კრონა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე