სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა და მოქალაქე თემური ფარქოსაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "მაგო+"- ის წარმომადგენლების მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით ქიმიური სარეცხი საშუალებების "კროტი" და "ბელეზნა" ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრუნვიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უვარგისი და კონტრაფაქციული პროდუქცია. ბრალდებული პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.