მსოფლიო ბანკი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 40 მლნ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი საქართველოს რამდენიმე რეგიონში 260 კილომეტრი შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია მოხდება მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში.

"დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, დამატებით 40 მილიონი დოლარი გამოგვიყოს რამდენიმე რეგიონში 260 კილომეტრი შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისთვის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობა მივიღეთ და დავიწყებთ ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებს. ეს არის მცხეთა-მთიანეთი, გურია, შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი", - განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება იაპონიის მთავრობასთან და იაპონიის განვითარების სააგენტოსთან დამატებით 4 მლრდ 410 მილიონი იაპონური იენის გამოყოფის შესახებ, რომელიც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის - ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულებას და სამტრედიამდე გზის გაკეთებას მოხმარდება.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ იაპონიის მთავრობასთან ნოტებს გავცვლით. ეს სამუშაოები მიმდინარეობს. ასე რომ, ძალიან დიდი წყვეტა არ იქნება, პირიქით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ხადურმა.