მცირე აქციონერების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტები შეიმუშავა

მცირე აქციონერებისა და მცირე წილის მფლობელების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტები შეიმუშავა , - შესაბამისი განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორი კანონპროექტი იქნა გატანილი.

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. აქ მნიშვნელოვანია მათ შორის, მცირე აქციონერთა უფლებები, რომელზეც ჩვენ დღეს ორი კანონპროექტი გამოვიტანეთ. მათი დანერგვა მცირე აქციონერებისა და მცირე წილის მფლობელების უფლებებს გააუმჯობესებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტები ქვეყანაში ბიზნესის კეთების რეიტინგზე დადებითად აისახება.