ცოტნე ყავლაშვილი - მივყვებით ბიუჯეტით გაწერილ გეგმას და ამ ეტაპზე არანაირი ხარჯების შემცირება არ იგეგმება

ჩვენ ბიუჯეტით გაწერილ გეგმას მივყვებით და ამ ეტაპზე არანაირი ხარჯების შემცირება არ იგეგმება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროს სახელით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრაში მონაწილეობდა. ლარის კურსთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა ყავლაშვილმა კონსტრუქციულად შეაფასა.

"ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით. ასევე, ზოგადად ქვეყანაში ფისკალურ სურათთან დაკავშირებით, რაც რეალურად არის. ჩვენი გეგმა ბიუჯეტით გაწერილია და მივყვებით მას. ასევე, ვმუშაობთ ახალ რეფორმებზე მიმდინარე პერიოდში, რაც წინა პერიოდში მთავრობამაც გააჟღერა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ლართან დაკავშირებით ადგილი აქვს მოკლე პერიოდში წარმოქმნილ კურსის აჟიოტაჟურ კორექტირებას, რისი სტაბილიზაციაც ხდება.

"რაც შეეხება ზოგადად, ამ წლის განმავლობაში, კურსთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორების გავლენა იყო. მაკროეკონომიკური სურათი სტაბილურია. ჩვენ ბიუჯეტით გაწერილ გეგმას მივყვებით და შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი ხარჯების შემცირება არ იგეგმება, მაკროეკონომიკური სურათიდან გამომდინარე ", - განაცხადა ყავლაშვილმა.